აქ რომ ამოდიხარ და უყურებ ამ გარემოს, რეალურად ძალიან მოქმედებს.
ჯადოსნური მომენტი იყო, პირველად რომ „სათიბეში“ ამოვედით. მანამდე მე და ჩემს ცოლს ორბეთში მიწის შეძენაზე არც კი გვიფიქრია. კახეთში ვიყიდე ოთხი ჰექტარი მიწა, ჯერ იქ არ დამიწყია არაფერი და ამ პირობებში არც თავში მქონდა ამის ადგილი და არც ახალი ინვესტიციის გაკეთებას ვგეგმავდი. როცა „სათიბეს“ დამფუძნებელმა, ირაკლი გაფრინდაშვილმა, ადგილის ნახვა შემოგვთავაზა, ინტერესის გამო ავყევით და სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი. სიტყვებით შესაძლებელია აღწერო, რომ ლამაზი ლანდშაფტია, კარგი ხედებია, მაგრამ სიტყვები ბევრს არაფერს ამბობს. აქ რომ ამოდიხარ და უყურებ ამ გარემოს, რეალურად ძალიან მოქმედებს. ჩვენზეც იმოქმედა და გადაწყვეტილებაც, „სათიბელები“ გავმხდარიყავით, მაშინ მივიღეთ.
ქალაქიდან გადასვლაზე არ მიფიქრია. ბავშვობის ტრავმად მაქვს ჩარჩენილი, ჩემები რომ ოქროყანაში გადავიდნენ საცხოვრებლად. X-XI კლასში ვიყავი და არ მინდოდა თბილისიდან გასვლა, რადგან ქალაქგარეთ ცხოვრება იმას ნიშნავდა, რომ სახლში თუ ავიდოდი, დამთავრებული იყო ჩემი დღე. მე კი ბოდიალი მიყვარდა. დღეს ჩემი ადგილი ურბანულ გარემოშია, მაგრამ ზუსტად ვიცი, ადრე თუ გვიან, დადგება დრო, როცა მომინდება, მქონდეს სახლი ქალაქგარეთ და იქ გავატარო დროის უმეტესი ნაწილი. მიწები, ადგილები თბილისის გარშემო, ეს რესურსი ამოწურვადია და ფასიც იზრდება. „სათიბე“ საუკეთესო საშუალება იყო, მომესწრო და სწორი ინვესტიცია გამეკეთებინა სამომავლო პერსპექტივისთვის.
მიწა, მე და ჩემმა ცოლმა, 11 მეგობართან ერთად ვიყიდეთ. ჩვენი წრეა – რეკლამა, დიზაინი, ვიდეოგრაფია – ამ ნიშნით ვართ გაერთიანებულნი. ჩვენი ტერიტორია იზოლირებული, ტყით შემოფარგლული მინდორია და ესეც ძალიან მომწონს. ჩემი მეგობრები გაზაფხულზე უკვე აპირებენ მშენებლობის დაწყებას და ალბათ პირველ ეტაპზე საერთო რაღაცებს გავაკეთებთ – გზა, წყალი და ა.შ.. ჩვენ-ჩვენი ტერიტორიები უკვე შემოვსაზღვრეთ. ყველას გვჯერა ერთმანეთის თავმდაბლობისა და გემოვნების და გვესმის, რომ აქ კორპუსებს ვერ და არ ჩავდგამთ. ჩვენს ნაწილში ერთი არქიტექტორი გვყავს და ერთიანი პროექტის გაკეთებაში ის დაგვეხმარება.
ჩემი ტერიტორია მთებს გადაჰყურებს და მთებს მიღმა მოჩანს თბილისი. ეზოს ქვედა ნაწილი ტყეშია, ზევიდან კი პანორამა იშლება. ვაპირებ, სახლი ამ ლანდშაფტს მოვარგო, ისე, რომ ხედს არაფერმა შეუშალოს ხელი. წარმომიდგენია, რომ იქნება ლამაზი სახლი, სადაც ავალ ხოლმე მარტო, ან მეგობრებთან ერთად, როცა განტვირთვა, ან უბრალოდ რამდენიმე დღით გარემოს შეცვლა მომინდება. რაღაც სეზონზე უფრო დიდი ხანი დავრჩები, რაღაც სეზონზე – ნაკლები. მექნება ძალიან მაგარი ხედი და დღის ძირითად ნაწილს ამ ხედით ტკბობაში გავატარებ. ავალ, დავისვენებ, საღამოობით მეგობრებთან ერთად ვიღლაბუცებ. არც იმის წარმოდგენა მიჭირს, რომ შეიძლება ტყეში ცხელი ჯაკუზები ჩავდგათ…
კომერციულ გამოყენებაზეც ვფიქრობ. გამომდინარე იქიდან, რა მოცემულობა მექნება ცხოვრებაში, მაგის მიხედვით შეიძლება გავაქირაო, გავყიდო, ან სულაც თვითონ გადავიდე და იქ ვიცხოვრო.
ამჟამად ჩემი ყოველდღიურობა მიბმულია ქალაქზე და თბილისის ცენტრზე, ამიტომ „სათიბეში“ საცხოვრებლად გადასვლას ჯერ არ ვგეგმავ, თუმცა არც ესააა გამორიცხული. გზასთან ასეთი დამოკიდებულება მაქვს – ერთია, მათემატიკურად რა დრო სჭირდება სახლში მისვლას და მეორე – როგორი გზა გაქვს გასავლელი. თბილისში ჩემი სამოძრაო არეალი, ძირითადად, ვერა-ვაკეა. ანუ, საშუალოდ ნახევარი საათი მჭირდება ორბეთში ასასვლელად. ეს კი არც ისე ბევრია. თვითონ მარშრუტს რაც შეეხება: არსებობს გზები, რომელიც მოკლეა, მაგრამ იქ გავლა არ გიხარია და პირიქით – ზოგიერთი გზა უფრო გრძელია, მაგრამ არ გეზარება. ამ თვალსაზრისით ორბეთის გზა მომწონს, სასიამოვნოდ გასავლელია და არ მღლის. მაგალითად, მირჩევნია ორბეთში ავიდე, ვიდრე – ლისზე.
შეიძლება გულუბრყვილო მოლოდინი იყოს, რომ ყველაფერი, რასაც გეგმავ, 100%-ით გამოვა, მაგრამ რისკენაც ირაკლი გაფრინდაშვილი მიისწრაფის, რის გაკეთებასაც აპირებს და როგორი ადამიანების თავმოყრასაც ცდილობს, ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ის ხალხი, ვინც „სათიბეში“ დასახლდება, სწორ გრავიტაციას გააჩენს ამ ადგილის მიმართ და ეს აუცილებლად აისახება დაგეგმილ, თუ დაუგეგმავ შედეგზე. ერთ ოთახში რომ შეყარო რაიმე ნიშნით გაერთიანებული 10 ადამიანი, იქ აუცილებლად მოხდება რაღაც საინტერესო, წინასწარი შეთანხმების გარეშეც. „სათიბეშიც“ მაგ რესურსს ვხედავ. მჯერა, რომ ის კომუნა, რომელიც ჩვენთან იქმნება, „სათიბეს“ განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. თუ ყველა გადმოვა, ვინც ვიცი, რომ აპირებს, თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა და აქ შეიკრიბა და დასახლდა ეს ხალხი, მეტის გაკეთებას შევძლებთ ერთად. როცა „სათიბეში“’ სიცოცხლე შეიქმნება, მოსახლეობა უკვე გატკეპნის გზებს, გამოერკვევა და დაფიქრდება, უფრო ორგანულად გამოჩნდება, რა გვინდა – ფოტოსტუდია, ბოულინგის დარბაზი, თუ სკვოშის დარბაზი. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესისა და ინიციატივების ხელშეწყობას და მართვას ირაკლი კარგად გაართმევს თავს. ერთი წუთი რომ მქონდეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დასარწმუნებლად, რატომ უნდა იყიდოს მიწა „სათიბეში“? ვერაფერს გამოვიგონებ, უბრალოდ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვეტყვი, რომ აუცილებლად ავიდეს და ნახოს ეს ადგილი, ეს ულამაზესი ბუნება, მთების ფორმა, რელიეფი, ტყეების კუნძულები, მინდვრები – ყველაფერი ის, რაც ჩემთვის აღმოჩნდა გადამწყვეტი. მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასოს და მიიღოს გადაწყვეტილება.