თაკო ვალიშვილი – სათიბეს არქიტექტორი

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დასახლების ერთიანი ესთეტიკის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სამი ოპტიმალური პროექტი, რომელსაც მიწის ყიდვის შემთხვევაში მფლობელს ვჩუქნით.

თაკო ვალიშვილი
„სათიბელი“
პროექტის არქიტექტორი

ჩემი მეგობრობა „სათიბესთან“ მიწის შეძენით დაიწყო. მიწის ყიდვა და სახლის აშენება არაა მარტივად გადასაწყვეტი. „სათიბე“ ერთი ნახვით შემიყვარდა. თავიდანვე მომხიბლა იდეამ და კონცეფციამ. თავდაპირველად არარეალურ და მასშტაბურ პროექტად მომეჩვენა, მაგრამ პროექტის ავტორების აღტკინება და ენთუზიაზმი მეც გადმომედო და დავიჯერე, რომ არაფერი იყო შეუძლებელი. მალევე მობინადრის სტატუსს პროექტის არქიტექტორის პოზიციაც დაემატა და მთელი ჩემი რესურსი ამ იდეის განხორციელებისკენ მივმართე.

როცა შენი ოცნების სახლზე ფიქრობ, პირველ რიგში ემოცია ირთვება – წარმოიდგენ, როგორ უყურებ მზის ჩასვლას ჰამაკში წამოწოლილი, როგორ დასეირნობ მდელოზე, როგორ ერთობიან ბავშვები აუზში და საღამოს, მეგობრებთან ერთად, როგორ წრუპავ ბუხრის წინ ჭიქა ღვინოს, ან ფურცლავ საყვარელ წიგნს. რეკლამის სცენარივითაა, არა? თუმცა მივხვდი, რომ „სათიბეში“ ამ სურათის გაცოცხლება იქნებოდა შესაძლებელი.


ემოციებს რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ეს ამბიციური პროფესიული გამოწვევა იყო – ეს იქნებოდა შანსი, შემექმნა სრულყოფილი გარემო, სადაც იქნებოდა ყველაფერი, რაც კომფორტისა და ბედნიერებისთვის გვჭირდებოდა ყველას, ვინც „სათიბელი“ გახდებოდა. რომ დავფიქრდეთ, უფრო თამამად ვიყიდით სახლს, როცა ვიცით, რომ პროექტის ავტორი შენი მეზობელია. აბა, თავისთვის ცუდს ხომ არ გააკეთებდა? და „სათიბეს“ გუნდთან ერთად დავიწყე ყველაზე კარგის კეთება.

ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, ეს ამბიციური პროფესიული გამოწვევა იყო – ეს იქნებოდა შანსი, შემექმნა სრულყოფილი გარემო, სადაც იქნებოდა ყველაფერი, რაც კომფორტისა და ბედნიერებისთვის გვჭირდებოდა ყველას, ვინც „სათიბელი“ გახდებოდა.


დღესდღეობით, როცა თბილისის გარშემო საცხოვრებელ და სააგარაკე სივრცეებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, შეუძლებელია, იპოვო ყველანაირად იდეალური ადგილი. განაშენიანება უსისტემოა, დასახლებები – ქაოტური, შენობები უმასშტაბო რიგებს ქმნის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, მეზობლები – ხშირ შემთხვევაში ბრაზიანი. ნამდვილად დიდი ფუფუნებაა, სრულიად ახალი დასახლება შექმნა ფაქტიურად ნოლიდან. უკვე არსებულს ვეღარ შეცვლი, „სათიბე“ კი ახლა იბადება და გვაქვს საშუალება, ჩვენი პროფესიული რესურსებითა და გამოცდილებით, ყველა დეტალი იმგვარად დავგეგმოთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

დიდი ფუფუნებაა, სრულიად ახალი დასახლება შექმნა ფაქტიურად ნოლიდან. უკვე არსებულს ვეღარ შეცვლი, „სათიბე“ კი ახლა იბადება და გვაქვს საშუალება, ჩვენი პროფესიული რესურსებითა და გამოცდილებით, ყველა დეტალი იმგვარად დავგეგმოთ, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

„სათიბეში“ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობის განცდაა. ჩვენ, ავტორები და მცხოვრებლები, ერთი იდეით გავერთიანდით – როგორც მშობელს აქვს შესაძლებლობა, პატარობიდან წაახალისოს ბავშვში მისი საუკეთესო თვისებები, ისე ვართ ჩვენ და „სათიბე“.


ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი დასახლების ერთიანი ესთეტიკის შენარჩუნებაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სამი ოპტიმალური პროექტი, რომელსაც მიწის ყიდვის შემთხვევაში მფლობელს ვჩუქნით. სახლები ერთ და ორსართულიანია და შიდა კონფიგურაცია ოპტიმიზებულია მფლობელების გამოკითხვის საფუძველზე. საცხოვრებელი ფართობი საშუალოდ 150 კვ.მ-ია. გათვალისწინებულია სამი, ან ოთხი საძინებელი, მისაღები, სამზარეულო და სველი წერტილები.

ვიზუალური მთლიანობის შესანარჩუნებლად წინასწარ განვსაზღვრეთ მასალები და ფერები. „სათიბეში“ საოცარ მზის ჩასვლაა. სწორედ ეს გახდა ჩვენი შთაგონების წყარო და ფასადების პალიტრა მზის ჩასვლის ტონალობაში გადავწყვიტეთ – მუქი ტერაკოტისფერი, ქვიშისფერი, მოყვითალო გრადაციები. სამშენებლო მასალები ადგილმდებარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე შევარჩიეთ – ჩვენთან ახლოს გერმანელების ულამაზესი ძველი სოფელია, ქვით ნაშენი და კრამიტით გადახურული სახლებით. ამ ავთენტურობის შენარჩუნების იდეა მოგვეწონა და ერთ-ერთ მასალად ადგილობრივ ქვას მივანიჭეთ უპირატესობა. ასე უფრო ორგანულია და ბუნებრივი. პარალელურად, გვექნება შელესილი სახლები და მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარზე აპრობირებული, უფრო თანამედროვე და ეკონომიური „სენდვიჩპანელების“ კონსტრუქციები. ეს სამი მასალა „ითამაშებს“ ერთმანეთში. საბოლოოდ კი მივიღებთ სხვადასხვა კონფიგურაციის არქიტექტურას, რომელსაც ერთიანი, მშვიდი, მოწესრიგებული იერსახე ექნება. ამ იდეას შეკრავს ქუჩაზე გამავალი და გამყოფი ერთი ტიპის ღობეები. „სათიბეში“ ვერავინ გაგიფუჭებთ ხედს თვითნებურად დაშენებული დამატებითი სართულით, ვერავინ მიაშენებს უშნო „ლოჯს“ და ვერავინ შემოღობავს ეზოს ჟანგიანი მავთულებით, ან სამმეტრიანი ბეტონის კედლებით.


რადგან „სათიბელები“ ერთმა იდეამ გაგვაერთიანა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აზრის გათვალისწინება და სწორედ ეს აქცევს ჩვენს დასახლებას განსაკუთრებულად. გენგეგმის მომზადება და განაშენიანება, დენდროლოგიური პროექტი, საერთო საკუთრების სივრცის კეთილმოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება მცხოვრებლების მოთხოვნებზეა მორგებული და ყველა გადაწყვეტილებას მათთან კონსულტაციის შედეგად ვიღებთ.

როცა ხდები რაღაც, უკვე გამზადებულის ნაწილი, სადაც ვერაფერს წყვეტ და ვერაფერს ცვლი, მაშინ იძულებული ხარ, დასჯერდე იმას, რაც არის. აქ კი უშუალოდ მონაწილეობ პროცესში, გაქვს ხმის მიცემის უფლება და ფაქტიურად საკუთარი ხელით ქმნი უკეთეს გარემოს

გენგეგმის ნაწილში უკვე მონიშნული გვაქვს მწვანე თარგები, სადაც მოსახლეობასთან შეთანხმებით გაკეთდება სათამაშო მოედნები, დასასვენებელი მდელოები, ან გამწვანდება შერჩეული მცენარეებით. „სათიბე“ არა მხოლოდ მყუდრო და მშვიდი დასახლება, არამედ ერთგვარი შემოქმედებითი ცენტრიც იქნება. პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტები, გალერეები, სახელოსნოები, კაფეები. აქვე განთავსდება ლუდსახარში „შარლოტა“ და ქარის წისქვილი, რომელიც ჩვენი მთავარი სავიზიტო ბარათი გახდება. ეს დამატებითი პლუსი იქნება „სათიბეს“ მცხოვრებლებისთვის – მათ საკუთარი შემოქმედებითი უნარების რეალიზაციისა და აქტიური საქმიანობის საშუალებაც ექნებათ.


როცა ჩემი სახლი დასრულდება, ვფიქრობ, წელიწადში მინიმუმ შვიდი თვე აქ გავატარო. შესაბამისად, სახლის დაპროექტებას ვაპირებ ისე, რომ „სათიბეში“ დარჩენა კომფორტული იყოს როგორც ცხელ, ისე ცივ სეზონზე. ინტენსიურ ქალაქურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია, გქონდეს ადგილი, სადაც საქმიანი დღის შემდეგ სიხარულით დაბრუნდები, დაისვენებ, არ მოწყდები ბუნების ხმებს, პეიზაჟებს, რაც ასე გვაკლია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამასთან, კარგია ის, რომ „სათიბე“ თბილისთან ახლოსაა და გაქვს შესაძლებლობა, თან იყო ქალაქის ნაწილი და თან მშვიდად იცხოვრო ურბანული ქაოსისგან იზოლირებულ, ახალ დასახლებაში. უკვე წარმომიდგენია, როგორ გადავისეირნებ მეზობელ „სათიბეებში“, წამოვგორდები ბალახზე, შევხვდები მეგობრებს, დავლევ ლუდს, ვნახავ საინტერესო გამოფენას…


ერთი წუთი რომ მქონდეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დასარწმუნებლად, რატომ უნდა იყიდოს მიწა „სათიბეში“, გავუღიმებდი, თვალებში ჩავხედავდი, ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი, რომ ზუსტად ასეთია „სათიბე“ – გიღიმის, თვალს ამაყად გისწორებს და გიხუტებს.